Wednesday, January 29, 2014

msoflios 7 saocreba

1894 ამორეველების ტომების ბელადმა სუმუაბუმმა დაიპყრო სამხრეთ შუამდინარეთში მდინარე ისინის სამეფოს ტერიტორიის ნაწილი და ქ. ბაბილონში გამარგრდა. მისი მეფობით (ძვ. წ. 1894 -ძვ. წ. 1881) ჩაეყარა საფუძველი ბაბილონეთის ამორეულ დინასტიას, რომელიც პირველი წარმომადგენლები არცთუ აქტიურად გამოდიოდნენ საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. მათი მოღვაწეობა ძირითადად სამშენებლო საქმიანობით იფარგლებოდა. განსაკუთრებით გაძლიერდა ბაბილონეთი ამ დინასტიის მეექვსე მეფის ხამურაბის (ძვ. წ. 1792 - ძვ. წ. 1750) ზეობაში. ბაბილონეთის ტერიტორია ამ დროს მოიცავდა თითქმის მთელ შუამდინარეთს - სპარსეთის ყურიდან ჩრდილოეთით ვიდრე სირიის უდაბნომდე. იგი წინა აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ და ცენტრალიზებულ დესპოტიად იქცა. ხამურაბი ფართო სამშენებლო მოღვაწეობას ეწეოდა, მის დროს შეიქმნა ბრწყინვალე არქიტექტურული ანსამბლები, გაფართოვდა საირიგაციო სისტემა, გაიყვანეს გზები, უფრო ფართოდ გავრცელდა ბრინჯაოს იარაღი და ხელსაწყოები. მან მოაწესრიგა ქვეყნის მმართველობა, შემოიღო ერთიანი კანონმდებლობა. მის დროს ბაბილონეთის საზოგადოება იყოფოდა ორ მთავარ ნაწილად - თავისუფალნი და არათავისუფალნი. მონების რიცხვი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე თავისუფალთა. მონობა ამ პერიოდში ძირითადად საოჯახო მონობის სახით იყო წარმოდგენილი. სახელმწიფოს ნატურალური შემოსავლის უმთავრეს ნაწილს სამეფო მიწებიდან მიღებული შემოსავალი შეადგენდა. ძველბაბილონურ ხანაში არსებობდა სატაძრო და სათემო მიწებიც, იყო აგრეთვე კერძო საკუთრებაში მყოფი მიწის ფონდი, ყიდვა-გაყიდვის უფლებით. სავაჭრო და სავახშო ოპერაციებს აწარმოებდნენ სავაჭრო აგენტები - თამქრები.
ბაბილონი — ანტიკური იმპერიის, მესოპოტამიის დედაქალაქი, რომლის ნანგრევები დღესაც არის შემორჩენილი ერაყში, ქალაქ ჰილისმახლობლად, ბაღდადიდან სამხრეთით, 85 კილომეტრში. ერთადერთი, რაც დღეს ამ ქალაქს გვახსენებს, ეს არის ტიგრსა და ევფრატს შორის მესოპოტამიის ნოყიერ მიწაზე მდგარი ტალახის აგურებით ნაშენი შენობების ნანგრევები. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ბაბილონი, დაარსებული ძვ. წ-ით მე-3 ათასწლეულის დასაწყისში, თავიდან პატარა ქალაქი იყო, რომელიც აყვავდა პირველი დინასტიის აღზევების დროს. ძვ. წ-ით 2300 წელს ის ხდება წმინდა ქალაქი, ძვ. წ-ით 612 წელს კი სატახტო ქალაქი. ბაბილონის კიდული ბაღები შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია. ქალაქის სახელი ბაბილონი არის ბერძნული ვარიანტი აქადური ბაბილუსი, რაც ნიშნავს „ღმერთების კარიბჭეს“.c